top of page

სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება

დაწყების თარიღი:
10 სექტემბერი, 2018
დასრულების თარიღი:
29 მარტი, 2019
განხორციელების ადგილი:
სტეფანწმინდა
განმახორციელებელი:
გერგარტი
დონორი:
US Embassy
ბიუჯეტი:
12 233.50 დოლარი
პროექტის სტატუსი:

დასრულებული

პროექტის შესახებ

პროექტი „სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება“ მიზნად ისახავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათი სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას. დაგეგმილი ტრენინგების მეშვეობით მოხდება ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება; პროექტის ბენეფიციარები მიიღებენ შესაბამის ცოდნას მათი სამოქალაქო უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. ასევე, თუ როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში. სპეციფიური ხელოვნების სემინარების საშუალებით მონაწილეები გამოიმუშავებენ კონკრეტულ უნარებს და შეისწავლიან თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ხელოვნება სხვადასხვა სოციალურად მნიშვნელოვან თემაზე იდეის გამოხატვისთვის. ამ პროექტის შედეგად მიღებული საერთო გამოცდილება განუვითარებს მონაწილეებს კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარს. მათ შეეძლებათ ადგილობრივი ხელისუფლების დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის ჩასმა და ლობირება ახალგაზრდების ხმის მოსმენის უზრუნველსაყოფად.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტურისტული მიმართულებაა საქართველოში. ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 2016 წელს ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ყაზბეგში ჩატარდა კვლევა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ საკითხად განისაზღვრა ახალგაზრდების ჩართულობის დაბალი დონე პოლიტიკის დაგეგმვაში, ასევე სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში. ვინაიდან ახალგაზრდები სათანადოდ არ არიან ჩართულები შესაბამის აქტივობებში, დაბალია მათი ინფორმირებულობის დონე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობა, მოქალაქის უფლებები/მოვალეობები ან ჩართულობის შესაძლო გზები და ა.შ. ამასთან, ჩართულობის ნაკლებობა სხვადასხვა სოციალური პრობლემის წყაროა, მაგალითად: მათ არ შეუძლიათ სათანადო კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათი პრობლემების განხილვა, შესაბამისად, მმართველობის პროცესი არაეფექტურია. გარდა ამისა, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ადგილობრივ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის გზების შესახებ. შედეგად ვიღებთ ადგილობრივ მმართველობას მასში საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, რაც დემოკრატიისა და დეცენტრალიზაციის ძირითადი ღირებულებების დარღვევაა.

სამწუხაროდ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისად, არ იცის საკუთარი უფლებები და მართვის პროცესში მონაწილეობის შესაძლო გზები. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ახალგაზრდებში - პროექტში გამოვლენილ სამიზნე ჯგუფში, რომელთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს უტოლდება. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, რაც თავისთავად წინაპირობაა ახალგაზრდების განვითარებაში, რომ გახდნენ აქტიური მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ არ ფლობენ ყველა საჭირო ინფორმაციას განვითარების შესაძლო გზებზე, ახალგაზრდებს აქვთ დიდი მოტივაცია და პოტენციალი, მიიღონ ცოდნა და დაეხმარონ მუნიციპალიტეტს განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ მოხევე ახალგაზრდები აქტიურად არიან დაკავებული ხელოვნების სხვადასხვა დარგით და სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობებით. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ვოკალური და ცეკვის ანსამბლები. იყო სამხატვრო სკოლა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიხურა და ამიტომ ბევრმა ახალგაზრდამ იცის სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება, ზოგიერთ მათგანს აქვს კარგი უნარები ხატვისა და მხატვრობის, თექის, ქსოვის, ხეზე მუშაობისა და ა.შ. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ფართოდ არის გავრცელებული თექის, ქსოვისა და ხის დამუშავების ტექნიკა და ეს ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელოვნებას აქვს სასიცოცხლო როლი ფასეულობების ჩამოყალიბებაში და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მოსაძებნად, დიალოგისა და რეფლექსიის გასააქტიურებლად; ის ხელს უწყობს ახალ იდეებს და რაც მთავარია გთავაზობთ იდეის გამოხატვის ყველაზე დემოკრატიულ ხერხს.

სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ორგანიზაცია „გერგარტმა“ გადაწყვიტა გამოეყენებინა სამოქალაქო აქტივიზმისა და ხელოვნების სინთეზი ახალგაზრდების სამოქალაქო უფლებებისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტის მიზნები შემდეგია:
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ჩართულობის საკითხზე არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით;
მოზარდის უნარ-ჩვევების განვითარება ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით;
ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებში;
ხელოვნების, როგორც სამოქალაქო აქტივიზმისა და ჩართულობის ინსტრუმენტის პოპულარიზაცია;
მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემის განსაზღვრა, ადვოკატირების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება.

bottom of page