top of page

გორისციხე

გორისციხე — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყარშეტის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ტყარშეტი, ფხელშე, ყანობი, ხურთისი). ზღვის დონიდან 1870 მეტრი, სტეფანწმინდიდან 10 კილომეტრი. ვახუშტი ბაგრატიონი გორისციხეს მოიხსენიებს "გორის სოფლის" სახელწოდებით. სოფელში შემორჩენილია ორი კოშკის ნანგრევები, რომელთაგან ერთს "ავსაჯანიანთ ციხე" ეწოდება, მეორეს — "მამაწმინდის ხატი". გორისციხიდან დასავლეთით, მთაზე მდებარეობს სრულიად დაშლილი უზარმაზარნი ნაგებობები, რომლებიც ციკლოპურ ნაგებობებს ჰგავს. მათ გვერდითაა აკლდამები. ამ ნაგებობებს შორისაა მოქცეული გორიციხის ქალების ხატი. ქალების ხატი წარმოადგენს ლოდს, რომელიც ჩრდილოეთ მხრიდან ყორით არის შემოზღუდული. ყორეს შესასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან კლდე ამოშენებულია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 187 ადამიანი: 81 კაცი, 106 ქალი. ხოლო, მთლიანად თემში ცხოვრობს 594 ადამიანი: 281 კაცი, 313 ქალი.

bottom of page