top of page

კობი

კობი — სოფელი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში, მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: აბანო, ალმასიანი, ბურმასიგი, ჯიმარა, დესი, კართსოფელი, კეტრისი, მნა, ნოგყაუ, რესი, სუატისი, ტეფი, უხათი, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა). ზღვის დონიდან 1970 მეტრი. სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრი. ხევის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. სოფლის აღმოცენებას ხელი შეუწყო მთიულეთიდან ხევში გადასასვლელ უმოკლეს გზაზე მდებარეობამ, რასაც უდიდესი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამასთან, კობი წარმოადგენდა ისტორიული ხევის სამი ხეობის — თერგის, თრუსოსა და სნოს — შეერთების ადგილს და მათ დამაკავშირებელ პუნქტს. წერილობით წყაროებში იგი პირველად XIV საუკუნის შუა წლებში იხსენიება ("ძეგლი ერისთავთა"). ქსნის ერისთავს, გირშელს, მნის ციხის აღების შემდეგ, მოხევეებთან ბრძოლის საწყის პუნქტად კობი აურჩევია და იქ გამაგრებულა. ადრინდელ შუა საუკუნეებში და საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის დროსაც კობს, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს, სამეფო ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევდა. XIV-XVII საუკუნეში, ქსნისა და არაგვის ერისთავები დროდადრო ეცილებოდნენ საქართველოს მეფეებს ხევის ამ მნიშვნელოვან პუნქტს, მაგრამ იმ ხანებში მთელ ხევსა და მასზე გამავალ მნიშვნელოვან ტრასებს უმეტესად საქართველოს მეფეები ფლობდნებ. თუ როგორი იყო მეფის ძალაუფლების გავლენა ამ მხარეზე, ნათლად ჩანს 1439 წელს, სამების ტაძრის "სულთა მატიანეში" ჩართული მეფე ალექსანდრე I-ისადმი მთიელთა მიერ მიცემული ფიცისა და განჩინებიდან. კობი იყო მთიელთა წარმომადგენლების თავშეყრის ადგილი. აქ გადასცემდნენ ხოლმე მეფეებს მძევლებს. XVII-XVIII საუკუნეებში, კობი კვლავ გახდა სამეფო ხელისუფლებისა და არაგვის ერისთავთა ცილობის ობიექტი, მაგრამ საერისთავოს გაუქმების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ხელისუფლებამ მთელ ხევთან ერთად კობიც დაიბრუნა და იგი საგამგებლოდ ერთ-ერთ ბატონიშვილს უბოძა. XVIII საუკუნის მიწურულისთვის ხევს ვახტანგ ბატონიშვილი განაგებდა. რუსეთთან რეგულარული ურთიერთობის დაწყების შემდეგ, აქ გამავალი მნიშვნელოვანი გზის კობის მონაკვეთს ადგილობრივი მოსახლეობა ემსახურებოდა. აქვე იყო მგზავრთა დასასვენებელი და ცხენების გამოსაცვლელი საგზაო სადგური, რამაც მთელი XIX საუკუნის განმავლობაში იარსება. 1769 წლის ივნისში, სოფელ კობთან, თერგის ნაპირზე, ველზე (ადოს მინდორი), ერთმანეთს შეხვდნენ და მოლაპარაკება გამართეს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ და რუსეთის გენერალმა გრაფმა ტოტლებენმა. კობში, უძველესი დროიდან ქართველები სახლობდნენ, მხოლოდ XVIII საუკუნეში, გაჩნდა სოფელში ოსური მოსახლეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი. ხოლო, მთლიანად თემში, ცხოვრობს 29 ადამიანი.

bottom of page