top of page

სიონი

სიონი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 8 კმ. სიონი ხევის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. სტრატეგიული თვალსაზრისით მას ადრინდელ შუა საუკუნეებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ნ. ბერძენიშვილის აზრით, მთიულეთისაგან ადმინისტრაციულად ცალკე გამოყოფილ ხევს თავიდანვე სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე განაგებდა. "ძეგლისდების" მიხედვით, XIV საუკუნეში ამ მოხელეს "სიონის ერისთავი" ერქვა და, მაშასადამე, ხევის მმართველის ადგილსამყოფელიც სიონი უნდა ყოფილიყო. სიონის ერისთავი საქართველოს სამეფო კარს ემორჩილებოდა. XVII საუკუნეში სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და ხევზე არაგვის ერისთავთა უფლებების გავრცელების შემდეგაც, მათ კვლავ ძველი სახელით სიონის ერისთავებად იხსენიებდნენ. სიონში თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობას ადრინდელ შუა საუკუნეებში უნდა ჩაყროდა საფუძველი. სოფელს დამატებითი სახიზრებიც ჰქონდა. ეკლესიის მახობლად, ბორცვზე, ორი გამოქვაბულია ("ზემგორის ქოხნი"), უფრო შორს, მწვერვალ ქაბარჯინის სამხრეთ-აღმოსავლეთითაც კიდევ რამდენიმე სახიზარ-გამოქვაბულია. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ სიონი უშუალოდ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარს, ერთ-ერთ ბატონიშვილს ექვემდებარებოდა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ, რუსეთის მმართველობა საქართველოს სამხედრო გზასთან ერთად სიონსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სიონის ციხეში გამაგრდნენ 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები. დიდი ბრძოლების შემდეგ რუსების ჯარმა ციხე აიღო. XIX საუკუნის II ნახევრიდან სოფელი გაშლილ ადგილზე გადავიდა. სოფელში დგას IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა, ე. წ. ხევის სიონი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრატებით. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 325 კაცი: 157 კაცი, 168 ქალი. ხოლო, თემში 1196 ადამიანი ცხოვრობს: 594 კაცი, 602 ქალი.

bottom of page