სნო
სნო — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ართხმო, აჩხოტი, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა). მდებარეობს მდინარე სნოსწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი. XVIII საუკუნეში სნო იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. სოფელს მთიდან გადაჰყურებს ეკლესია და ზურგიანი ციხე. ეკლესია 1987 წელსაა აშენებული ძველი ეკლესიის საფუძველზე. 1900 წელს "ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ" სოფელში დააარსა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. სოფლის მცხოვრებლებმა სკოლის შენობის ასაგებად ოთხ-ოთხი მანეთი გაიღეს. 1902 წლის თებერვალში მათი თხოვნით სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა. 1903 წელს სოფელში გახსნეს კიდევ ერთი მსგავსი სკოლა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი: 122 კაცი, 141 ქალი. ხოლო, მთლიანად თემში, 542 ადამიანი: 262 კაცი, 280 ქალი.