ფხელშე
ფხელშე — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გორისციხის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1940 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. სოფლის მახლობლად ერთ-ერთ მთაზე, სადაც ფხელშეს მოსახლეობა სახალხო დღესასწაულ მამაწმინდობას აღნიშნავს, 2012 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი ტაძრის ნაშთები, ქვის ჯვარი და სხვა საეკლესიო ნივთები. გადმოცემის თანახმად კავთისხეველ ელიოზს და მის ძმას საკუთარი სოფლიდან წასვლა მოუწიათ. წასვლის წინ ძმებს დედამ ქადა გამოუცხო და მის ნაჭრევზე ჯვარი ჩაუდო, გზა დაულოცა და სოფლიდან გამოისტუმრა. წამოსული ძმები სოფელ ვარდისუბნის მახლობლად გამოქვაბულში დასახლებულან. გამოქვაბულში მყოფმა ელიოზმა გადაწყვიტა ბინა დაედო ადგილზე, რომელიც "ფხას გავდა". სოფელ ფხელშეს მცხოვრებთა თქმით, სწორედ აქედან მკვიდრდება ტოპონიმი "ფხელშე". სოფლის სამხრეთით, კლდეზე, ძველ კოშკში მოთავსებულია ე.წ. ქალების ხატი. კოშკი ფიქალის მშრალი წყობითაა აშენებული. 1966 წლისთვის ის უკვე დანგრეული იყო. სალოცავი წარმოადგენს სხვადასხვა დონეზე მდებარე ორ ნაგებობას. ქვედა ზედას ებჯინება აღმოსავლეთის კედელზე და მართკუთხა ზომისაა. ქვედა ნაგებობის აღმოსავლეთ კედელი ინტერიერში წრიული ფორმისაა. ასევე წრიულია ზედა ნაგებობის ჩრდილო-დასავლეთ კედელი. სალოცავს შემოვლებული აქვს ბაზალტის ქვის გალავანი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 167 ადამიანი: 79 კაცი, 88 ქალი.