ცდო
ცდო - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდის თემში, მდებარეობს დარიალის ხეობაში. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 6 კილომეტრი. ქართულ საისტორიო წყაროებში მოიხსენიება XV საუკუნიდან. "გერგეტელ საყდრიშვილთა საბუთში" სამების მძევლებად ამ სოფლის მოსახლეებიც არიან დასახელებული. სოფელში უმეტესად წიკლაურები ცხოვრობენ. ზოგიერთ გვიანდელ საბუთში ცდო "წიკლაურებადაც" იწოდება. სოფლიდან აღმოსავლეთით, ბორცვზე, შემორჩენილია ნასახლარები. სოფლის ბოლოს, კლდეში მოზრდილი გამოქვაბულ - სახიზარია. კლდის ძირას კვირიას ხატია, სადაც სალოცავად სოფელი კობიდან და ქალაქ ვლადიკავკაზიდანაც დადიან. სოფლის საურმე გზის მარცხნივ ეგრეთ წოდებული "თათრის სასაფლაოა". გადმოცემით, ამ ადგილზე მოხევეებს სპარსელები დაუმარცხებიათ და დახოცილები აქვე დაუმარხავთ. სოფლის სავარგულებს ყაზბეგელები და გერგეტელებიც ფლობდნენ. სოფელში ამუშავებდნენ ანდეზიტს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 17 ადამიანი.