top of page

ხურთისი

ხურთისი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხის თემში. მდებარეობს ხოხის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1960 მეტრი, სტეფანწმინდიდან 15 კილომეტრი. სოფელი XV საუკუნისთვის უკვე დასახლებული იყო. იგი მოიხსენიება გერგეტელ საყდრისშვილთა საბუთებში. სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით მოხევე ხურთის ჰყოლია სამი ვაჟი, რომლებსაც აუკლიათ სტეფანწმინდელები. მათ გასწორებიან თავიანთივე დეიდაშვილები. ამის შემდეგ ხურთის ოჯახის ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით დასახლდნენ თერგის გაღმა. სოფელში განსაკუთრებით აღნიშნავდნენ გიორგობას, კვირესძლობას და პეტრე-პავლობას. გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო გაზაფხულის გიორგობა, რომელსაც ხურთისი და ყანობი ერთად აღნიშნავდა. ყველაზე დიდი დღეობა იყო პეტრე-პავლობა. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, დიდი კლდის ძირში მდებარეობს კვირაძალის ხატი. სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ზღვის დონიდან 2115 მ.-ზე მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია. 1960-იანი წლებისთვის ეკლესია სანახევროდ ჩაქცეული იყო. ეს იყო ბაზილიკის ტიპის ეკლესია, რომელიც ნაგები იყო ქვა-კირით. ეკლესიის გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს დგას მაღალი, სამხრეთის მხარეს მომრგვალებული ციხე, რომელსაც გიორგობის ციხეს ან ხატის ციხეს ეძახიან. ხურთისშივე მდებარეობს ძლევის წმინდა გიორგის ხატი და ქაშეთის ანუ ბალღების ხატი. ქაშეტა მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყეთანაში, ბორცვზე. ესაა პრიზმის მსგავსი ყრუ ნაგებობა, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთის კუთხე მომრგვალებული აქვს. ნაშენია რიყის დიდი ქვით, მშრალი წყობით. ქაშეტობას დღესასწაულობენ გაზაფხულზე, კვირა დღეს. ქაშეტა სავარაუდოდ ქაშვეთის დამახინჯებული ფორმა უნდა იყოს. ხურთისში დასახლებულია შემდეგი გვარები: ტუჩაშვილი, ჩქარეული, წიკლაური, ბადაშვილი, ქემაშვილი, ჩოჩიშვილი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 86 ადამიანი: 45 კაცი, 41 ქალი.

bottom of page